TRANSLATE
კალენდარი
ოქტომბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

აბუხალო

სოფელი აბუხალო მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში (ზღუდერის საკრებულო), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის სათავეში ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზე. ქარელიდან მანძილი 35 კილომეტრია. აბუხალო ღრმა ხევშია მოქცეული. მას აბუხალოს წყალი ჩამოუდის, რომელიც სოფ. ტყემლოვანასთან მდ. ძამას უერთდება. მიდამო კლდოვანია. აბუხალო ძველი ნასოფლარია. იგი საკმაოდ დიდი სოფელი ყოფილა, რასაც აქაური ეკლესიის ნარგრევები მოწმობს. სოფლის დასავლეთ მხარეს აზიდულია კლდე, რომელზეც ქვამული-მონასტერია. კლდეს წინა მხარე კედელივით აქვს ჩამოკვეთილი, ასე რომ, ასვლას მხოლოდ აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხრიდან თუ შეძლებთ. აბუხალოს ქვაბული თავდაცვითი ნაგებობა ყოფილა – განსაცდელის ჟამს მოსახლეობა მას თავს აფარებდა. იგი XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.

წყარო:

http://www.radiani.ge/index.php?lang=geo&id=82

http://dzeglebi.com/view.php?id=77

 

სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი

სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი წარმოადგენს “თავისუფალი ჯვრის” ტიპის შენობათა რიგს (9,6X8,8 მ; სიმაღლე 10,6 მ), ნაშენია მონაცისფრო-მოწითალო ქვიშაქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით. გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდაა გამოვლენილი ინტერიერში და გარე მასებშიც. ნაგებობა დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ქვეშ განიერი ბაქანი კლდეს ემყარება. ნაგებობების აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი რამდენადმე წაგრძელებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ინტერიერი წარმოადგენს ერთიან სივრცეს, ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ დამატებულია განიერი თაღი. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით: კვადრატის კუთხეებში მოთავსებულია ოთხი დიდი, მათ ზემოთ კი რვა მცირე ტრომპი. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ორი სარკმელია – აღმოსავლეთით და დასავლეთით. სარკმლების თაღის ქუსლის დონეზე მდებარეობს კუთხის ოთხი ტრომპის ქუსლი. ინტერიერში სარკმლების განთავსება მხატვრულად გააზრებულია: ერთი – აღმოსავლეთითაა, საკურთხეველში, მეორე – სამხრეთით, შესასვლელის თავზე, მესამე – დასავლეთით, კამარასთან. სარკმლების განლაგების დონე თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამით მიღწეულია შიდა სივრცის თანაბარი განათება. ჯვრის მკლავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია.

ძეგლი დააზინანა 1940 წლის 8 მაისის ძლიერმა მიწისძვრამ: დაინგრა გუმბათი, კამარები, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მკლავის კედლები. სარესტავრაციო სამუშაოები რომლებიც ეკლესიას 1950-1953 წლებში სამეცნიერო-სარესტავრაციო ჯგუფმა ჩაუტარა (ხელმძღვანელი ლ. ხიმშიაშვილი), ძეგლს დაუბრუნა თავისი პირვანდელი სახე.

ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა: პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის სათაურის ქვემოთ) X საუკუნისაა და სოფელ სამწერვრისში არხის გვაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება: «მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნეს ღმერთმან»

XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს – ფანასკერტელ-ციციშვილებს (კერძოდ, მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელობაზე (თავდაპირველად წმ. ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეჯლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა.

ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის მხატვრულ-ტექტონიკური გამომხატველობა მიღწეულია თლილი ქვის მოზრდილი კვადრების ოსტატურად ამოყვანილი კედლის სიბრტყეებით. მკაცრად არის დაცული წყობის რიგების ჰორიზონტალური სწორხაზოვნება. ფასადებზე შემკულობით ხაზგასმულია მხოლოდ შესასვლელი და სარკმლები. აღმოსავლეთის სარკმლის თაღს ზემოთ რქების ან გველის ორნამენტირებული გამოსახულებაა. სამხრეთისა და დასავლეთის სარკმელთა სათაურები შემკულია მცირე თაღების მოტივით (გვხვდება აგრეთვე მცხეთის ჯვრის დიდ ტაძარზე, წრომში და სხვ.). გუმბათის ყელში გაჭრილი ვიწრო სარკმლები მოურთველია, რადგან ისინი ქვევიდან ძნელად იკითხება. შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია სადა ჯვარი.

ეკლესიის მკლავების ლავგარდანი თავდაპირველად მცირე თაღების რიგისაგან იყო შედგენილი. გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში სადა თაროსებრი ლავგარდანია (მეტი ნაწილი აღდგენილია XV-XVI საუკუნეებში). გუმბათის ლავგარდნის პროფილი შედგენილია თაღებისა და სიღრმეში საფეხურებად განთავსებული სამკუთხედებისაგან. ეკლესია გადახურული იყო კრამიტით. თავდაპირველ კრამიტთან ერთად გვხვდება XV-XVI საუკუნეებისა და XIX საუკუნის კრამიტიც.

ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით მიუშენებიათ კარიბჭე, რომელიც 1925 წელს სოფლის მოსახლეობას მოუნგრევია. თუმცაღა შესძლებელია შემორჩენილი ფრაგმენტებით მისი არქიტექტურული სახის აღდგენა. კარიბჭის სამხრეთი კედელი სადაა. ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ეკლესიის სამხრეთ კედელს ეკვრის, დანაწევრებულია დეკორატიული თაღებით. შუა ამაღლებული თაღი ეკლესიის შესასვლელის პირდაპირაა მოთავსებული (კარიბჭის აგებისას დაზიანებულა ტაძრის პორტალის ზედა ნაწილი, რაც აძნელებს პორტალის თავდაპირველი სახის აღდგენას). კარიბჭეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარიბჭის ჩრდილოეთ კედლის პილასტრები ერთმანეთთან დაკავშირებულია დეკორატიული თაღებით. თაღებს ზემოთ კედელი გრძელდებოდა და წყობა თანდათან ცილინდრულ კამარას ქმნიდა. კარიბჭე, ეკლესიის მსგავსად, ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით.

წყარო:

http://ka.wikipedia.org/wiki/სამწევრისი_(ტაძარი)

http://www.dzeglebi.com/galerea.php?id=28

მისამართი: ქარელის რაიონი, სოფ: სამწვერისი
მისასვლელი გზები: მდინარე ძამის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების მტკვარისა და ძამის წყალგამყოფი სერის აღმოსავლეთ ბოლოზე.

 

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარი

ყინწვისი, სოფ. ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი.

საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს. ნაგებია აგურით, საკურთხევლის აფსიდი ბემიანია. აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. შიგა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი, რომელთაგან აღმოსავლეთი მკლავის გარდა ყველა სწორკუთხაა. დასავლეთი მკლავი უფრო გრძელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, რომლებზედაც ამოყვანილია 12-სარკმლიანი გუმბათის ყელი. სარკმლები შემკულია აგურის წყობით გამოყვანილი თაღებით. ტაძარს სამი შესასველი აქვს – ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახეული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.

საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. მომხიბლავია ფრესკების კოლორიტის ჰარმონიულობა. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის – ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები – მეტყველი. კომპლექსის ნაგებობათაგან შემორჩა აგრეთვე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (ფრესკებითა და კანკელით), განვითარებულია შუა საუკუნეების მცირე ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობანი.

წყარო:

http://ka.wikipedia.org/wiki/ყინწვისი_(ძეგლი)

http://www.dzeglebi.com/galerea.php?id=201

მისამართი: ქარელის რაიონი, სოფ: ყინწვისი
მისასვლელი გზები: სოფ. ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ზე

 

რუისის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

სოფელი რუისი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, ქარელის ცენტრიდან 7 კმ-ზე.

სოფელი,  როგორც ქართლის ეპარქიის ცენტრი პირველად მოხსენიებულია მე-V საუკუნეში, შემდგომ კი 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს სახელწიფოს განმტკიცების საქმეში. რუისი ცნობილია ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსით: ა) ღთისმშობლის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელშიც გამოირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი VIII-IX სს განეკუთვნება. ბ) ტაძრის დასავლეთით მდებარე კოშკი-სამრეკლო, იგი ჩაშენებულია გალავანში და თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. გ) გვიანი ფეოდალური ხანის რიყის ქვით ნაგები გალავანი. რუისში მდებარეობს აგრეთვე ხარების სახელობის ტაძარი (ადრ. ფეოდ.ხანა), წმ.დემეტრეს ტაძარი (ფეოდალური ხანა), ღვთისმშობლის ტაძარი (ძველი ფეოდალური ხანა), კვირაცხოვლობის ეკლესია (XVII-XIXს).

ურბნისის წმ. სტეფანეს სახელობის ტაძარი

ურბნისი მდებარეობს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან  10 კმ-ის მოშორებით. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ურბნისის ათვისება ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ის II-I ათასწლეულში დაიწყო.

ურბნისის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ძვირფასი ლითონის ნაწარმი, მონეტები, ჭურჭელი და სხვ. ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველთა განმანათლებელ წმ. ნინოს სახელთან. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება (X ს). ურბნისის მშვენებაა წმ. სტეფანეს სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, ურბნისის სიონად წოდებული. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე არსებული ასომთავრული წარწერები V-VI სს-ით თარიღდება. ტაძარი ადრ. ფეოდალური ხანის დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. ურბნისში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელი მამა თადეოზ სტეფანწმინდელი, სწორედ მას მიეწერება წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქარელიდან 13 კმ მანძილზე, ძამის ულამაზეს ხეობაში, სოფელ ყინწვისთან მდებარეობს.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი რამოდენიმე ნაგებობისაგან შედგება. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ.ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურ გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის მხატვრობა უნიკალურია. ტაძრის საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ხოლო ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (კანკელითა და ფრესკებით), წმ.გიორგის სახელობის მცირე ეკლესია (XVI-XVIIIს), გალავნის ნაშთი და მასში ჩაშენებული კოშკი.

სოფელი ორთუბანი

სოფელი ორთუბანი მდებარეობს მდინარე ძამის ხეობაში, ქარელის ცენტრიდან 17კმ-ზე.

ორთუბანში თავმოყრილია საინტერესო ისტორიული ძეგლები, XVII საუკუნის ციციშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსი, აბანო, გვიან ფეოდალური ხანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და VII საუკუნის ძამის ციხე. ნაქალაქარი მძოვრეთი წერილობითი წყაროების მიხედვით წარმოიშვა X-XI სს-ში. ციხე მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას და შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას იცავდა. მძოვრეთში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავია ზაზა ფანასკერტელი – ციციშვილი. აქ დაწერა მან საექიმო წიგნი ,,კარაბადინი”. ორთუბანში ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია.

სამწევრისი

სოფელი სამწევრისი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქარელიდან 5 კმ მანძილზე მდებარეობს. მის სიძველეს ადასტურებს სოფელში მდგარი წმინდა ჯვრის ეკლესია, რომელიც VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. X საუკუნეში იგი მთელ შიდა ქართლთან ერთად ეპყრა აფხაზთა მეფე კონსტანტინეს, რაზედაც მოგვითხრობს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა. ეს სოფელი ეკუთვნოდა ციციშვილებს. აქვე ყოფილა მათი პირველი რეზიდენცია, საკმაოდ დიდი ციხე-სიმაგრე, რომელიც იცავდა მთელს ძამის ხეობას. ციციშვილების ციხე-დარბაზის აღნიშნული კომპლექსი აგებულია ფეოდალურ ხანაში, მის შემადგენლობაში შედის დიდი კოშკი, გალავანი, ეკლესია, აგრეთვე სახლისა და სხვა ნაგებობების ფრაგმენტები. ჯვრის მონასტერში ამჟამად მამათა, ხოლო ციხე-დარბაზში დედათა მონასტერია.

გუგომის (ქოზიფას) ხუროთმოძღვრული კომპლექსი

გუგომის (ქოზიფას) ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს ძამის ხეობის სიღრმეში. კომპლექსი, რომელშიც 5 ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილას, შუაგულ ტყეში.

ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის  ტაძრადმიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული. ქოზიფას სამონასტრო კომპლექსი მოქმედი მამათა მონასტერია.

სარკის წმ. გიორგის სახელობის მონასტერი

სარკის წმ.გიორგის სახელობის მონასტერი ქარელიდან  დაახლოებით 12 კმ მანძილზე  სამხრეთით, ტყის შუაგულში მდებარეობს.

ტაძრისკენ მიმავალი გზა თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარი ფერებით მორთული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც წმ.გიორგის ეკლესია აუგიათ და მონასტერი დაუარსებიათ. მონასტერთან  მრავალი სასწაულია დაკავშირებული. ამჟამადაც მოქმედებს მამათა მონასტერი.

სოფელი ბრეთი

სოფელი ბრეთი მდებარეობს ქარელის ცენტრიდან სამხრეთით 9 კმ მანძილძილზე, მდ. ფრონეს მარცხენა სანაპიროზე. სოფელ ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელი მამა პიროსი.

მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი კერა იყო. სოფლის ცენტრში მდებარეობს მამა პიროსის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და ნასოფლარი. ეკლესიის დასავლეთ კუთხეში მოგვიანებით დაუშენებიათ სამრეკლო. ამჟამად იქ დედათა მონასტერია.

დირბის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

დირბის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი მდებარეობს ქარელიდან აღმოსავლეთით 16 კმ მანძილზე. დირბის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ღვთისმშობლის კომპლექსის ზემოთ, მდებარეობს ციხე დარბაზი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებისაა. ნაგებია რიყის ქვით.  შუა ნავის საკურთხეველში ჩრდილოეთ კედელზე შემონახულია გვიანი ფეოდალური ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. ფრესკებიდან მნიშვნელოვანია ,,მიდგომილი ღვთისმშობლის” ფრესკა და ხატი, რომლის მსგავსი არ გვხვდება არცერთ ქრისტიანულ მონასტერში. კომპლექსში ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია.  სოფელ დირბში კიდევ რამოდენიმე ეკლესია-მონასტერია: წმ.გიორგის ზედაჯვრის ეკლესია(X ს), წმ.გიორგის ეკლესია (გვიანი ფეოდალური ხანა), ყველაწმინდის ეკლესია (XIX ს).

ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მდებარეობს ქალაქ ქარელში, ყაზბეგის ქუჩაზე. მუზეუმში დაცულია 1300-ზე მეტი ექსპონატი.

მუზეუმში დაცულია ურბნისის, ბებნისის, ტახტიძირის, დირბისა და დვანის არქეოლოგიური მასალები. ექსპონატებიდან აღსანიშნავია ისეთი უძველესი მასალა, როგორიცაა  თიხის კერა (თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით), ხიშტისებური იარაღი, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულისაა, უძველესი  სარკოფაგები და სხვა.