TRANSLATE
კალენდარი
აგვისტო 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

რუის-ურბნისის ეპარქია

 

რუისის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

სოფელი რუისი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, ქარელის ცენტრიდან 7 კმ-ზე.

სოფელი,  როგორც ქართლის ეპარქიის ცენტრი პირველად მოხსენიებულია მე-V საუკუნეში, შემდგომ კი 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს სახელწიფოს განმტკიცების საქმეში. რუისი ცნობილია ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსით: ა) ღთისმშობლის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელშიც გამოირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი VIII-IX სს განეკუთვნება. ბ) ტაძრის დასავლეთით მდებარე კოშკი-სამრეკლო, იგი ჩაშენებულია გალავანში და თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. გ) გვიანი ფეოდალური ხანის რიყის ქვით ნაგები გალავანი. რუისში მდებარეობს აგრეთვე ხარების სახელობის ტაძარი (ადრ. ფეოდ.ხანა), წმ.დემეტრეს ტაძარი (ფეოდალური ხანა), ღვთისმშობლის ტაძარი (ძველი ფეოდალური ხანა), კვირაცხოვლობის ეკლესია (XVII-XIXს).

ურბნისის წმ. სტეფანეს სახელობის ტაძარი

ურბნისი მდებარეობს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან  10 კმ-ის მოშორებით. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ურბნისის ათვისება ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ის II-I ათასწლეულში დაიწყო.

ურბნისის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ძვირფასი ლითონის ნაწარმი, მონეტები, ჭურჭელი და სხვ. ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველთა განმანათლებელ წმ. ნინოს სახელთან. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება (X ს). ურბნისის მშვენებაა წმ. სტეფანეს სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, ურბნისის სიონად წოდებული. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე არსებული ასომთავრული წარწერები V-VI სს-ით თარიღდება. ტაძარი ადრ. ფეოდალური ხანის დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. ურბნისში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელი მამა თადეოზ სტეფანწმინდელი, სწორედ მას მიეწერება წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქარელიდან 13 კმ მანძილზე, ძამის ულამაზეს ხეობაში, სოფელ ყინწვისთან მდებარეობს.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი რამოდენიმე ნაგებობისაგან შედგება. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ.ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურ გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის მხატვრობა უნიკალურია. ტაძრის საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ხოლო ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (კანკელითა და ფრესკებით), წმ.გიორგის სახელობის მცირე ეკლესია (XVI-XVIIIს), გალავნის ნაშთი და მასში ჩაშენებული კოშკი.

სოფელი ორთუბანი

სოფელი ორთუბანი მდებარეობს მდინარე ძამის ხეობაში, ქარელის ცენტრიდან 17კმ-ზე.

ორთუბანში თავმოყრილია საინტერესო ისტორიული ძეგლები, XVII საუკუნის ციციშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსი, აბანო, გვიან ფეოდალური ხანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და VII საუკუნის ძამის ციხე. ნაქალაქარი მძოვრეთი წერილობითი წყაროების მიხედვით წარმოიშვა X-XI სს-ში. ციხე მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას და შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას იცავდა. მძოვრეთში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავია ზაზა ფანასკერტელი – ციციშვილი. აქ დაწერა მან საექიმო წიგნი ,,კარაბადინი”. ორთუბანში ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია.

სამწევრისი

სოფელი სამწევრისი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქარელიდან 5 კმ მანძილზე მდებარეობს. მის სიძველეს ადასტურებს სოფელში მდგარი წმინდა ჯვრის ეკლესია, რომელიც VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. X საუკუნეში იგი მთელ შიდა ქართლთან ერთად ეპყრა აფხაზთა მეფე კონსტანტინეს, რაზედაც მოგვითხრობს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა. ეს სოფელი ეკუთვნოდა ციციშვილებს. აქვე ყოფილა მათი პირველი რეზიდენცია, საკმაოდ დიდი ციხე-სიმაგრე, რომელიც იცავდა მთელს ძამის ხეობას. ციციშვილების ციხე-დარბაზის აღნიშნული კომპლექსი აგებულია ფეოდალურ ხანაში, მის შემადგენლობაში შედის დიდი კოშკი, გალავანი, ეკლესია, აგრეთვე სახლისა და სხვა ნაგებობების ფრაგმენტები. ჯვრის მონასტერში ამჟამად მამათა, ხოლო ციხე-დარბაზში დედათა მონასტერია.

გუგომის (ქოზიფას) ხუროთმოძღვრული კომპლექსი

გუგომის (ქოზიფას) ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს ძამის ხეობის სიღრმეში. კომპლექსი, რომელშიც 5 ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილას, შუაგულ ტყეში.

ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის  ტაძრადმიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული. ქოზიფას სამონასტრო კომპლექსი მოქმედი მამათა მონასტერია.

სარკის წმ. გიორგის სახელობის მონასტერი

სარკის წმ.გიორგის სახელობის მონასტერი ქარელიდან  დაახლოებით 12 კმ მანძილზე  სამხრეთით, ტყის შუაგულში მდებარეობს.

ტაძრისკენ მიმავალი გზა თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარი ფერებით მორთული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც წმ.გიორგის ეკლესია აუგიათ და მონასტერი დაუარსებიათ. მონასტერთან  მრავალი სასწაულია დაკავშირებული. ამჟამადაც მოქმედებს მამათა მონასტერი.

სოფელი ბრეთი

სოფელი ბრეთი მდებარეობს ქარელის ცენტრიდან სამხრეთით 9 კმ მანძილძილზე, მდ. ფრონეს მარცხენა სანაპიროზე. სოფელ ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელი მამა პიროსი.

მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი კერა იყო. სოფლის ცენტრში მდებარეობს მამა პიროსის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და ნასოფლარი. ეკლესიის დასავლეთ კუთხეში მოგვიანებით დაუშენებიათ სამრეკლო. ამჟამად იქ დედათა მონასტერია.

დირბის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

დირბის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი მდებარეობს ქარელიდან აღმოსავლეთით 16 კმ მანძილზე. დირბის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ღვთისმშობლის კომპლექსის ზემოთ, მდებარეობს ციხე დარბაზი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებისაა. ნაგებია რიყის ქვით.  შუა ნავის საკურთხეველში ჩრდილოეთ კედელზე შემონახულია გვიანი ფეოდალური ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. ფრესკებიდან მნიშვნელოვანია ,,მიდგომილი ღვთისმშობლის” ფრესკა და ხატი, რომლის მსგავსი არ გვხვდება არცერთ ქრისტიანულ მონასტერში. კომპლექსში ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია.  სოფელ დირბში კიდევ რამოდენიმე ეკლესია-მონასტერია: წმ.გიორგის ზედაჯვრის ეკლესია(X ს), წმ.გიორგის ეკლესია (გვიანი ფეოდალური ხანა), ყველაწმინდის ეკლესია (XIX ს).